13 აპრ 2009

ერთი ვაჟასაც მივეფეროთ

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: პროზა

 
ვაჟას მეუღლე იგონებს, თურმე ერთხელ, გაგანია მკაში, ვაჟას დაუყრია ნამგალ-სათითენი და სირბილით დაშვებულა თავდაღმართში.

თამარს უფიქრია მალე მობრუნდებაო და თავზე კი დაღამებია. ვერც მიატოვა მკა…
გაცეცხლებული მობრუნებულა სახლში და დაუნახავს – მიმჯდარა ვაჟა მაგიდასთან და გამალებული აწრიპინებს კალამს.
რაღაც პოემასა სწერდა, არ მახსოვსო…

მე კი წარმოვიდგინე, რომ „გველისმჭამელი“ მოაწვა და აღარ მოასვენა.

ახლა დავყვეთ თავიდან, ვინ მონაწილეობს ამ პატარა მისტერიაში.
- ჩვენი ხალხის კრებსითი სახის ერთი მშვენიერი წახნაგი  –  მინდია, ვაჟას შთამაგონებელი;
- ვაჟა, ანუ კაცი, რომელმაც ცოლი გაგანია მკაში მარტო დააგდო, რათა თავში დატრიალებული ამ გრიგალის ჩაწერა მოესწრო;
- ცოლი, რომელმაც საქმე არ გააცივა, რათა, უცნაური ქმრის გადამკიდეს, ბავშვები უქერისპუროდ არ დარჩენოდა;
- მე, რომელსაც „გველისმჭამელის“ დაწერა თუ არა, განცდა ხომ შემძლებია და ამ განცდის შენთვის გაზიარება;
- შენ, რომელიც კითხულობ ასი წლის წინანდელ ამ საოცარ ამბავს და ვინძლო ჩემზე მძაფრადაც განიცდი, ისემც გაგიმარჯვოს.

ახლა კი ერთად დავასრულოთ ეს მისტერია – მინდიას ვაჟას ხელი ჩაუბღუჯავს, ვაჟას თამარისა, თამარს ჩემი, მე შენი.
შენ კი მინდიას ჩაავლე და ერთი საფერხულე წრეც შეიკვრება.

ახლა თავები მივუახლოვოთ ერთმანეთს და ავიძრათ წაღმა, ბორჯღალივით.
ვბრუნავთ და ვიცით, რომ ცა დაგვცქერის. ცამაც იცის, რომ ეს ცეკვა მას ეძღვნება, რომ სამისო სატყუარაა ჩვენს მიერ მიწაზე გამოხატული ქალური საწყისი – ეს პატარა, მბორგავი წრე.

პასუხად კი ცვარ-ნამსაც არ დაგვამადლის და მარჩენალ მიწას დაგვირწყულებს.
და არ მოაკლდება ჩვენს შვილებს ხმიადი… 

ჩვენ კი, ჩვენივე განწმენდისთვის, ჩვენი წილი ცრემლი დავაპკუროთ მიწას.
ერთი ცრემლი მინდიას წილ, მისი მარტოობის გასაზიარებელი.
მეორე ვაჟას წილ, უფრო კი იმ სტროფებისა, ჩასაწერად რომ ვერ მოიცალა.
მესამე თამარის წილ, მიუხედავად სიბრაზისა, ვაჟას ფიქრი რომ არ გაუფანტა.
თითოც ჩვენი თავისა, ე მაგითანა მამის მჯობნი რო ვერ დავიზარდენით.

დანარჩენიც, რაკიღა ცრემლი მარილიანია, გემოვნების მიხედვით.

pixelstats trackingpixel

ტეგები: , ,

ერთი გამოხმაურება to “ერთი ვაჟასაც მივეფეროთ”

  1. ელდორადო ამბობს:

    ვაჟა ფშაველა უდიდესი მწერალი და პოეტი იყო მისი შემოქმედება წარსულში,აწყმოში და მომავალში უკვდავი იქნება.პირადად მე დიდ პატივს ვცემ მის შემოქმედებას და არა მარტო მის შემოქმედებას.

დატოვე კომენტარი