ელტვის ცნობისწადილი მოსილს იდუმალებით და ვერც ქავილს გენისას ვერსად დავემალებით. მხოლოდ ფერი იცვლება ჩვენი ფერისცვალებით, ისიც დიდი ომით და ცნობიერის წვალებით.
ჩემი ღამე უძილო, ჩემი ფიქრი უძირო, მაცდური და მაცილი, ჩემი სულის ნაწილი, არ მასვენებს, თუმცა კი ვიცი, რაიც მომელის, სევდა გარდასულის და დარდი მიუწვდომელის…
ცრემლით გაჟიებული ავი წუთისოფელი, გინდ დრო, შეუქცევადი, დრო – წარსულის მშობელი, ფეხს ვერ მომაცვლევინებს, ასრე გავიბოტები…
დროსაც ერკინებიან თურმე დონ კიხოტები.
მხოლოდ ის მსურს, წინაპარს მივეფერო აქედან, ვინც უთქმელი წვალებით ეს ქვეყანა აკეთა, ვისაც თავად სიცოცხლეც კი არ დაუნანია, და ჩემამდე ზღაპრული ლელო მოუტანია, მინდა ხმა მივაწვდინო, განა ბევრი რა მინდა, ცალი თვალი შევავლო, მოვყვე სულ სათავიდან, და თუ მათი ხატება დროის ნისლმა დაბინდა, მათი სული იღვრება ახლა ჩემი კალმიდან.
მესმის შორი ძახილი, თუმცა თავად არ ჩანან, სულ პატარა სარკმელი, ერთი ციდა ფანჯარა, თუნდაც ჭუჭრუტანა და თუნდაც დროის მანქანა…
რათა დავამწყალობნო მიწყივ სულის ამწეწი, ჩემში გადმონახული მათი თითო ნამცეცი.
***
მგელბერიკა ტაძრელთა მიახლება მამბერთან… ცოტა ცნობა გაძნელდა, ისე გადასხვაფერდა, გარნა გარდაუვალი არის ერთი ზმანება, მთვარის ფერისცვალება, მისი თეთრი სანება, მისი ბიბა კარატი, ზეციური ნუგეში და მსახური მარადი, მგელი, ქსუ და უგეში.
ჰიპოსტასი არმასი, გარესკნელის ჩამრაზი, სავსე ბეღელ-ხულა და კერათბილი დარბაზი,
ქაშგი – ლუდი ხალასი, არამ-ხუტი და თასი,
ჰაუუუ, როგორ გაფრინდა წელი ხუთი ათასი…
.
ივლისი 6th, 2010 at 09:56
მოხიბლული ვარ ამ სიტყვების წაკიტხვით.
აგვისტო 2nd, 2010 at 00:47
გფარავდეტ უფალი….
დეკემბერი 31st, 2010 at 17:45
ბევრი სიხარული და ბედნიერება თქვენს ოჯახს.