13 აპრ 2009

სადღეგრძელო

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: პროზა

 

(მათ, ვინც უცხოეთში მიიღო განათლება და ამიტომ ვაჟას წასაკითხად ვერ მოიცალა)

 უდიდესი კულტურა და ცივილიზაცია შექმნეს ლათინებმა, მაგრამ მათი ენა დღეს წამლის რეცეპტზეღა ცოცხლობს…

ასევე დიდად გაისარჯნენ ეგვიპტელნი და დღეს მთელი სამყარო ტკბება მათი ნაღვაწით, ოღონდ – მათ გარეშე.

ქალდი, შუმერი, ასირიელი, ქიცუვათნელი, ხათი და ხეთი, გასაოცარი მათი საქმენი ჩამოგითვალო რომელი ერთი…

და ამ ხალხებმა ნუთუ იმისთვის გარდაიხადეს ცხარე ომები, დღეს მათ ნაოფლარს სუვენირებად რომ ასაღებდნენ უცხო ტომები.

ქარტეხილს მხოლოდ ჩვენ გავუძელით, ნეტავ რა ნიჭით და მანქანებით,
ახლა კი თითქო საჭე დავკარგეთ და თვითდინებით მივექანებით.

***
გრიგოლ რობაქიძეს უთქვამს ქართულ ცეკვაზე – სხვა ასე ვერ იცეკვებს, რასსა არ ეყოფაო…

გრიგოლ ორბელიანს კი, ილიას მიერ მის გასალანძღად შეთხზული ლექსი რომ წაუკითხავს, ცრემლი წასკდომია თურმე – მგონი პატრონი გამოუჩნდა საქართველოსო…

ახლა კაკაროტი გურულებიც წარმოიდგინე ყანაში. მაღლით თაკარა მზეს უმკლავდებიან და  დაბლით შეუპოვარ მიწასთან გაუმართავთ ფიცხელი ომი,
თან ოთხ ხმაში არაკრაკებენ ნადურს.

ვისაც გული ერჩის, ადგეს და კომფორტულ საკონცერტო დარბაზში გაიმეოროს იგივე.

ჰოდა ვის გადავაბაროთ ეს ყველაფერი? ვისთვისაც ჯამაგირია მთავარი?
ვისაც ექიდნურად ეღიმება შემთხვევით თვალწამოკრულ სტრიქონზე – ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენიაო…

ან ვინც მხრებს აიჩეჩს ამის წაკითხვისას – პაწპაწინა ნიგვზის ტოტო, ჩუპრი-ჩუპარ, ჩუპრი ჩუპარ, ჩუპრი დარეჯანასაო…

ვისაც სულ არ ანაღვლებს, თუ რას განიცდიდა ერთი სამასთაგანი არაგველი, რომელმაც მშვენივრად უწყოდა, რომ უკანასკნელად დაუკოცნა თავის ბოკვერს ფუმფულა თათი,

და ვისაც კრწანისამდე შემორჩა ტუჩზე შვლისთვალა ცოლის ცრემლის გემო.
განა მას კი არ შეეძლო თავი ცოცხლად დაერჩინა და ასე თუ ისე მორგებოდა რეალობას.

მაგრამ მას სწორედ ამნაირი საქართველოს მოტანა უნდოდა დღემდე…
და ყველა შენი წინაპარი, ფარნავაზიდან ვიდრე შენამდე, ნუთუ ჭკუანაკლულობის გამო ირჯებოდა ასე…

მავანთ მიაჩნიათ, რომ ერი, ისევე როგორც ყოველივე ცოცხალი, ბერდება და კვდება.

ბუნებაში ამას გამართლება აქვს – დრომოჭმულმა ადგილი უნდა დაუთმოს ახალსა და უკეთესს.

მაგრამ აქ ქართველს ერთი პატარა შენიშვნა გასჩენია, აი, ამ ანდაზის სახით –მგელი ისე არ დაბერდება, რომ თხამ ყურში ჩააცუოსო.

იბერნი კი, იგივ გეორგიანი, მგლის მოდგმას ნიშნავს!

და, გარდა იმისა, რომ სიცოცხლის უტეხი ჟინი გენით მოგვდგამს,
და რომ არც ბაზალეთის ტბა დამშრალა და ალგეთიდანაც გაისმის გემრიელი წკმუტუნი,

და ამაზე უარესი ნოკდაუნისთვისაც არაერთხელ გაგვიძლია,

მთავარი ის არის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ გვითქვამს ჩვენი სათქმელი!

pixelstats trackingpixel

ტეგები: , , ,

11 გამოხმაურება to “სადღეგრძელო”

  1. ნინო ამბობს:

    _კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი. . . _
    ქართველოო გენაცვალეე სულში! . . . . . . .

  2. ნანო ამბობს:

    გაიხარეთ….დზალინ კარგი რაგაცაა,ვამაყობ რომ ქართველი ვარ

  3. ბადრი წიქორაძე ამბობს:

    რამდენს გვყვარებია საქართველო. თქვენ გაგიმარჯოთ!
    ჩემთანაც შემოიხედეთ.

  4. ბადრი წიქორაძე ამბობს:

    http://raindebi.ge

  5. liako ამბობს:

    “მთავარი ის არის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ გვითქვამს ჩვენი სათქმელი!”–––

    ღმერთმა გვისმინოს ქართველებს…

  6. ელდორადო ამბობს:

    სათქმელი არ დაილევა ამ წუთისოფელში.

  7. მადი ამბობს:

    ჩვენ ჯერ კიდევ არ გვითქვამს ჩვენი სათქმელი!!!!!!!!!!!!!!

  8. აზა ამბობს:

    მეამაყება რო ქართველი ვარ

  9. ფრანულა ამბობს:

    გაიხარე, ვამაყობ ქართველი რომ ვარ!

  10. ეკა სულხანიშვილი ამბობს:

    მეც წამსკდა ცრემლი გრ.ორბელიანივით,მის სიტყვებზე,მგონი პატრონი გამოუჩნდა საქართველოსო.შვილის დარდის გარდა,სამშობოს დარდიც მიგვყვება იმ ქვეყნად ქართველს.როგორ იქნება შენი შვილი და ვის უტოვებ შენს სამშობლოს!!!

  11. გიორგი ამბობს:

    შესანიშნავია! მახარებს, თქვენნაირი ხალხის სიმრავლე!!!!!

დატოვე კომენტარი