ვინ არ იცის ამბავი ციხე ალამუთისა, ტინზე შემონადგამი მტაცებელის ბუდისა.
აქ დაირწა პირველად ჰაშიშინთა აკვანი, ზარსა სცემდა ჯვაროსანთ საბაჰის ძის ზაკვანი. სად არ გაიელვებდა გესლით გამონაკვები ავბედითად მკვესარი მათი აკინაკები.
ციხის ყრუ ტალანებში დაძრწოდა და ბორგავდა სული ნასირ ხოსროვის, მგოსნის და ღრიანკალის, მოძღვრის ცბიერ მულიდთა, შიშით შეუბორკავთა, აღმა-დაღმა მთესველთა ზაფრისა და კანკალის.
ფუთფუთებდა ბუნაგი, სიკვდილის საყუდელი, სანამ ხანმა ჰულაგუმ არ ულეწა ზღუდენი.
მაგრამ მოდი ამ ციხეს სულ სხვა თვალით შეხედე, დაივიწყე ერცახეს მულიდი და შახიდი, რადგან სწორედ აქ არი სვიმონ მეფის საკანი, ამ კედლებს ბინადარი არ ჰყოლია მაგვანი.
უკვე მეცხრე წელია შაჰი ვერ შეელია, მოძმეთაგან გაყიდულს ჭაღარაც შეერია, თუმცა, მიუხედავად ორგულობის, ღალატის, სამშობლოს დაჰფარფატებს მისი ფიქრი მარადის.
გარნა, ოდეს გაცხადდა სპარსის უილაჯობა, ოდეს ყველგან ოსმალომ დაჯაბნა და აჯობა, გაიხსენეს ლომგული, ალამუთს დახუნდული, უმალ ააღრჭიალეს ჟანგიანი ურდული.
თურმე ნიჭი ხალასი არც მათ თვალში ხუნდება, განუხვნიათ საკანი, აუხსნიათ ხუნდები, სამშობლოში სვიმონი თეთრი რაშით ბრუნდება, მტრის საკაფად ნაწაფი მკლავი არ უდუნდება.
ჩვენი ბედის ბორბალიც წაღმა ამობრუნდება, ქიტა აღიღინდება, გუთანს მიუბრუნდება, მარცვალი გაღვივდება, კერა გაღუღუნდება, კომლი ამოდინდება, ქვევრი აჩქაფუნდება, გადირწევა აკვანი, დროშა შეიკერება, კიდევ ბევრი მამაცი ხმალი გაიკვერება, კიდევ ერთი ლამაზი გვერდი დაიწერება, ხოლო სვიმონს ქართველი მარად მიეფერება.
თუ ამ ლექსით ახსენებთ, ვიამაყებ ჩემი სვით.
გულშიც თუ გაგიარათ, სადღეგრძელოდ შემისვით.
.
აპრილი 27th, 2009 at 21:49
ra pontia gamorcheva magram mepeebidan svimoni miyvars yvelaze magra. eg da mamamisi luarsabi. alamutshi xo xexa kai xani sroki mere kide sxvaganac yavdat cayvanili axvrebs
აპრილი 28th, 2009 at 01:10
მეც ძალიან მიყვარს ლუარსაბი და სვიმონი. მეფეთა ციკლში პირველი ლექსი ლუარსაბს ვუძღვენი. მას შეუპოვრობის გარდა არაფერი ჰქონდა და ამით გადაარჩინა საქართველო
იანვარი 19th, 2010 at 03:25
ზუსტად ეგ არის, შეუპოვრობით გავიდნენ ფონს, ისე როგორ ქართველებთ შეჰფერით. ბევრი ისტორიკოსი აკრიტიკებს რომ მათი ასეთი პოლიტიკის გამო ქართლი აოხრდა მაგრამ სხვა რამეშია საქმე. ზუსტად მაგ პერიოდში კახეთში არცერთი ჯარისკაცი არ შესულა იმიტომ რომ ცბიერი პოლიტიკა ქონდათ კახელებს. განა ლუარსაბს და სვიმონს არ შეეძლოთ ეგრე? მაგრამ ხვდებოდნენ წინააღმდეგობას თუ არ გაუწევდნენ ქართველობას დაკარგავდნენ. ამ ბრძოლით და დაუოკებლობით, ჟინიანობით, სიჯიუტითადა პარტიზანული პატარ პატარა ბრძოლებით გადაგვარჩინეს. ეგენი რო არა ეხა სპარსული ქუდებით ვივლიდით ყველა