ზნენი სამამაცონი – 50, ბოლოთქმა
ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: ზნენი სამამაცონი
“…დროშა ქართველობისა, შუბის წვერით, ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული, ხელში შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ, არავის დავანებეთ, არავის შევაგინებინეთ, ცოდვა არ არის ეს დროშა ეხლა ჩრჩილმა შეჭამოს, თაგვმა დაჭრას!…”
ილია
ქართული ყოფიერების ქვაკუთხედს, მისი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ყოველთვის წარმოადგენდა სამხედრო მზადყოფნა, ჯარის წვრთნა და საბრძოლო ხელოვნების სრულყოფა.
ცხადია – ქართული საბრძოლო ხელოვნება კარჩაკეტილად განვითარებულ ცოდნად არ უნდა წარმოვიდგინოთ.
ადამიანები ყველაზე მეტად აგებულებით გვანან სხვა ეროვნების ადამიანებს და მათ მიერ შექმნილი ორთაბრძოლებიც საკმაოდ მსგავსია.
ამასთან, საბრძოლო ხელოვნება ცოდნის იმ დარგს განეკუთვნება, რომელმაც მცოდნის სიცოცხლის დაცვა–გადარჩენა უნდა უზრუნველყოს (პიროვნება იქნება ეს, ოჯახი თუ ქვეყანა) და ამდენად, იგი სხვა დარგებზე თამამად ისისხლხორცებს მოწინავე გამოცდილებას, ყველაფერ საუკეთესოს, რაც ამ დარგშია მიღწეული.
გარდა ქცევისა, აქ იგულისხმება საბრძოლო ალაფის სახით მოპოვებული იარაღი და საჭურველიც და წინაპარიც, ცხადია, უარს არ ამბობდა მის გამოყენებაზე არაქართული წარმოშობის გამო (ცნობილია, რომ ღარიბი კუთხის მოსახლეობა საბრძოლო იარაღის ძვირფასიანობის გამო სამეურნეო იარაღის საბრძოლო მოხმარებაში იყო გაწაფული).
“ქართული” მუდმივგანახლებადი ცნებაა. ყოველმა თაობამ თავისი სიტყვით უნდა გაამდიდროს ესა თუ ის დარგი (სხვა საქმეა, რომ არ შერყვნას და ამისი საზომიც უნდა არსებობდეს).
ჩვენს თაობასაც სრული უფლება აქვს იმისა, რომ არსებული მასალის დალაგებაში სიახლეებსაც არ მოერიდოს, შექმნას მიმართულებები, მოაწესრიგოს ტერმინოლოგია და ა.შ.
ხოლო ის მიდგომა, რომლის თანახმადაც ჩვენ ჩვენივე დაკონსერვებული კულტურით მოამაყენი უნდა ვიყოთ და არა მისი ცოცხალი შემოქმედნი, არაკეთილმოსურნის მიერაა თავსმოხვეული.
მასალები ძირითადად ეთნოგრაფიული კვლევა–ძიების მეშვეობით მოვიძიეთ. პარალელურად წარმოებდა ინფორმაციის მოკვლევა ბიბლიოთეკებში, არქივებში, ფონდებსა თუ მუზეუმებში.
ამ წიგნის მეშვეობით თქვენს წინაშე წარმოდგენილია მხოლოდ მცირე ნაწილი იმ ცოდნისა, რაც, ჩვენი ვარაუდით, ჯერ კიდევ შემორჩენილი უნდა იყოს ხალხის მეხსიერებაში.
ჯერ კიდევ შესაძლებელია ათეულობით ფანდის, ვარჯიშობის, ნაამბობისა თუ სხვა ცოდნის მისწრება და გადარჩენა.
ასე მაგალითად: გადმოცემით გვსმენია, რომ რაჭაში არის ოჯახი, რომელიც ქვის (შეუიარაღებელი ხელით) სროლის ტრადიციას ინახავს.
ასევე გვსმენია ოჯახზე, რომელმაც ჯორის სატლინკავად გაწვრთნა იცის,
თუშ მეცხვარე პაპაზე, რომელიც საარაკოდ კომბლაობს,
მონადირეზე, რომელიც დღესაც რქის მშვილდით დადის ჯიხვზე სანადიროდ,
ფერეიდნელებზე, რომელთაც შემორჩათ ორი ხმლით მუშაობის ცოდნა,
ხევსურებზე, რომლებმაც რუსეთ–იაპონიის ომში ფარიკაობაში სამურაები დაჩაგრეს…
ცოდნა და კულტურა არ შეიძლება წარმოადგენდეს რამდენიმე კერძო პირის საკუთრებას. იგი მთელს ერს ეკუთვნის და, ამდენად საერთო ეროვნული ზრუნვის საგანი უნდა იყოს.
გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენს ხელთ არსებული მასალა, აგრეთვე თქვენი შენიშვნები, რაც უცილობლივ აისახება შემდგომ გამოცემაში.
ასეთი შეიძლება იყოს თქმულება, ლექსი, ხალხური თამაშობა, წეს–ჩვეულება, დასახელება, ფანდი, ვარჯიში, იარაღის აღწერა, სახელოსნო ცოდნა, ჩაცმულობა–აღკაზმულობა, მკურნალობა და სხვანი.
შემოსული მასალა თავს მოიყრის სათანადო არქივში და კვლევის შემდგომ ეტაპზე იქნება გამოყენებული.
მასალის მოწოდებისას გთხოვთ მიუთითოთ ავტორისა და მთქმელის ვინაობა, პროფესია, ასაკი და მისამართი (ტელეფონი).
მასალის მოსაწოდებლად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართებზე:
კობა ჭუმბურიძე – ტელ: 98–37–54, ელ. ფოსტა: koba.chumburidze@gmail.com
ლევან კიკალიშვილი – ტელ: 32–38–94, ელ. ფოსტა: levankialishvili@yahoo.com
ჯერ კიდევ 1940 წელს, სტატიაში – “ქართული ნაციონალური სპორტის შესწავლის შესახებ”, ივანე ჯავახიშვილი წერდა:
“დიდი ხნის და მდიდარი ისტორია აქვს ქართულ სპორტს. შევისწავლოთ ჩვენი წინაპრების მიერ მრავალი ასეული წლის მანძილზე შემუშავებული ეროვნული სპორტის ცალკეული სახეები.
ეს უსათუოდ სასარგებლო და ღირსების საქმეა. იგი შეუწყობს ხელს ჩვენი ახალგაზრდობის როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად განვითარებას, შეუმუშავებს მას მტკიცე ნებისყოფას, გახდის ამტანიანსა და გამბედავს”.
თუ რამდენად აქტუალურია დიდი მამულიშვილის ეს მოწოდება დღეს და რამდენად შევძელით წიგნის ავტორებმა ამ საქმის დაძვრა, ამის განსჯა შენთვის მოგვინდვია ძვირფასო მკითხველო და, რაკიღა ამ სტრიქონებამდე ჩამოგიკითხავს – თანამოაზრევ.
ნოემბერი 13th, 2009 at 23:45
გამარჯობა კობა, საშა მყავდა მოწვეული ოზურგეთში ერთი კვირით გავიხსენეთ საბრძოლო ხელოვნების ბევრი ასპექტი. ძალზედ მოტივირებულები ვართ იმ შეხვედრის შემდეგ, დათო ძალზედ გვიყვარს მაგრამ აკადემიის არსებობა ძალზედ დიდ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. ცოტა არ იყოს ვნერვიულობთ კიდეც. შენი და ლევანის იმედი გვაქვს.
ხო მართლა, გიგზავნიდი ჩემს ნაშრომს შენს საიტზე მაგრამ უშედეგოდ, ხომ არ დაკავშირებიხარ ლევანს ან დათოს? მათ იმ დღეს გადაიწერეს ფლეშკაზე, ახლა ახალ ვარიანტში კიდევ სურათები დავუმატე. მინდოდა წიგნის გამოცემამდე შენ გაცნობოდი მასალას და თუ ვერ ახერხებ, მაშინ 21-ში თბილისში ვიქნები და დაგირეკავ.
ივლისი 16th, 2010 at 11:00
ზალიან კარგია სამშობლოს დაცვა .