24 მაი 2009

ბახტრიონისა

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: ლექსები

 
გულღრძო შაჰ აბასის ნაზაკვარი სულს გვიხაშმავს, როგორც გესლი გველის, კახეთს მოსდებია თესლი ელის, ვითა ბიბლიური ბოცომკალი.

ლამის ღირსებაზე დაგვაბიჯეს, ლამის წასაბილწი არა დაშთა, ჯავრი დაუგუბდათ ყოჩიბიჭებს ფოხანმოფარფალე ყიზილბაშთა.

ახლა ხალხმა თუ არ გვასახელა, დიდი დღე არ უჩანს საქართველოს. ელმა ბაღ-ვენახი  გადაბელა, აწ კი რჯულიც უნდა გადათელოს.

წახდა კახთა ნირი, ლამის უკვე ომიც დაივიწყონ, ქეიფიცა, ჰოდა გაიხსენეს სიჩაუქე, მთელი მთა და ბარი შეიფიცა.

ჩვენი მამა-პაპის სალოცავის ვერვინ ეღირსება გათათრებას და ვერც ალავერდის ბჭე და ქავი კახს ვერ შეაკავებს გათათნებულს.

ვინძლო ჩალმოსანმა ჯერ არ უწყის ფასი ამნაირი გახელების, ციხეს შეასკდება სპაზე უწინ მსუყე შეკურთხება კახელების…

აქეთ საბურველქვეშ ღამის, მრუმის, ბჟუტავს ბახტრიონის გალავანი, პირქუშ იმზირება, როგორც დუმის ქონით გაპოხილი ფალავანი.

მეტივ! გადაფრინდი ქონგურზედა, წუნკალ ყიზილბაშზე გაილაღე,
შენი თეთრონია ახლა ზეზვავ მთიელ მარბიელთა ბაირაღი,
გურგენ! ვაჟოკაცო გულფიცხელო, მტერი ტარაბუად აწრიალე,
მიჰყე ნადირაუ გველისპირულს, ჯავშან-მუზარადზე საწკრიალეს…

* * *
მარგვლის დრომ უწია სარეველებს, მათგან მოსათმენი რა ჭირთ კახებს, ელი ფესვიანად გამოცელეს, სპარსი კახეთიდან აჭიტლაყეს.

დადგნენ, ნაომარით გაიხარეს, ლოცვა შეაგებეს დილასისხამს, მიჯრით მოეფინა არე-მარეს ხმები დაირის და შაირისა:

– შაჰინშაჰო აბასაო, დიდყურავ და თავგასაო,
კურტუმა გაქ ბატისაო, ულვაშები კატისაო,
შენნაირი სახედარი სადმე სხვაც თუ დადისაო,
ღვინის გემო გაშინებს და სუნი ღორის მწვადისაო,
დაგვასიე ელებიო – დავათალეთ ყელებიო,
კახებს ნუ ეკვეხებიო, არ მაჰჭამო… ფეხებიო.

თუკი შაჰებმა და აბასებმა, აღა-მაჰმადებმა და ხანებმა, სულთან-ხვანთქარებმა და ფაშებმა, ჯალალედდინებმა, ხაკანებმა, ჯერაც ვერ გაგვიგეს მუღამი და ჩვენი ვერ ისწავლეს დაფასება, იქნებ ბახტრიონმა შეახსენოთ – კახმა ფინთად იცის გაბრაზება.

.

pixelstats trackingpixel

3 გამოხმაურება to “ბახტრიონისა”

  1. მარიკა ამბობს:

    ძალიან კარგია,კობა, გმადლობ … რაიმეს თუ მოვიძიებ გუდამაყრელებზე მოგწერ აუცილებლად(ისტორიულ საიტებზეც დავდე, მაგრამ ამაოდ, როგორც ერეკლე ელოდა რუსეთის დახმარებას…..:))))))) ).

  2. armuri ამბობს:

    მაგარია!

  3. თამაზი ამბობს:

    ძალიან კარგია, კობა, მადლობა ყველაფრისთვის.

დატოვე კომენტარი