ჰერი ბიჭო, გიორგუნა, მომხედე და გამიგონე, არ გაუშვა ეგ გოგონა, ხოხობივით მოგოგმანე, ალვისტანა, მაცქატუნა, ფითქინა და ლამაზუკა,
მიდი, ბიჭო, მიუცეკვე, რა ფეხები დაგებლუკა.
მიდი, ქალი იმის არის, პირველობას შენგან ელის, პირველ ნაბიჯს, პირველ სიტყვას და გამხელას გასამხელის.
მერე მისი დგება ჯერი – მოგაშუქოს თვალი შველის, ამის მერე, დამიჯერე, არასფერი არ გიშველის. ერთი შიშნარევი კოცნით ისე აგიდუღოს თავი, რომ ერთბაშად დაგავიწყოს წუთისოფლის ყველა ავი.
გოგოები კუჭკუჭებენ – საით გაშპა გულქანაო, ვინცხას ხო არ ელოდება სასიმინდეს უკანაო…
ნეტა შენ თუ გელოდება, მიდი ბიჭო გიორგუნა, მიდი, ბედმა თუ გარგუნა, ჩაიხუტე, ჩაიკონე, მერე ჯვარიც უნდა იფსკვნათ, აგერ არის ბარაკონი, მერე კიდო უნდა ის ქნათ, ჩუმად რო გაქვთ განაგონი,
რომ აკვანი, ხარატულა, ნაშიერით დაამშვენოთ, რომ ღუღუნა კერიასთან იმრავლოთ და ინაშენოთ თვალხატულა ფერიებად, ბოღორია ბოკვერებად,
აი მაშინ, დუნიაში, ვეღარავინ მოგერევათ.
ეგ წიფელა, ცაბიჯგელა, შიბაქებად დაგეთალოს, სიბერეში შვილთაშვილი გაჭირვებით დაგეთვალოს, გულქანამ კი კიდევ დიდხანს გიცხოს კვერი ბარბალისა, სანამ სრულად არ გაძღებით ცქერით მზიან ცარგვალისა.
მიდი, ბიჭო, გიორგუნა…
.
ტეგები: გოგოები, გულქანა, შვილთაშვილი
ივნისი 2nd, 2009 at 16:23
მარტი 8th, 2010 at 03:37
სითბოთი და სიყვარულით გაჟღენთილი სტრიქონები…არაჩვეულებრივია,ლამაზია,ძალიამ მომწოოონს
მარტი 13th, 2011 at 14:07
მიდი, ბიჭო, გიორგუნა…
ძალიან მიყვარს ეს ლექსი……..
ნოემბერი 8th, 2011 at 04:55
ეგ წიფელა, ცაბიჯგელა, შიბაქებად დაგეთალოს, სიბერეში შვილთაშვილი გაჭირვებით დაგეთვალოს, გულქანამ კი კიდევ დიდხანს გიცხოს კვერი ბარბალისა, სანამ სრულად არ გაძღებით ცქერით მზიან ცარგვალისა.ძალიან მომწონს,მადლობა ავტორს, გიორგუნას გულიანად დალოცვისათვის,ამინ!
))