კაცის ბუნება ჭრელია, მისწრაფებანი – მრავალი,
თუმცა, მთავარი ის არის, რაა კაცისთვის მთავარი,
გული სიყვარულს დაეძებს, კუჭი მიილტვის ჭამისკენ,
გონება – შემეცნებისკენ, სული – მთვარიან ღამისკენ,
ფეხი მიილტვის იმისკენ, ხელი მიილტვის ამისკენ…
ტაკო კი, ბუნებრივია, ილტვის ფუმფულა სკამისკენ.
თვით სკამიც მრავალგვარია – ჯორკო, ბოკონა, სკამუნა,
სკამის მორგებით ქვეყანა მრავალმა შეახრამუნა,
ზოგი სკამია სამფეხი და ზოგიც ტაბურეტია,
იმისმა ეშხმა ძალზედ ბევრს თავს დაახვია რეტია,
თუმცაღა ზოგიერთისთვის სკამი თვით სკამზე მეტია,
და ეს ქვეყანა მარტოდენ საძოვარ-სკამუნეთია,
… საცა თხა არის დაბმული, ბალახი ქრება სრულიად,
სანამდეც ტუჩი მიწვდება, პირწმინდად მოპარსულია.
მოხელის საქმეც ასეა, (რაღა თქმა უნდა – ზოგისა)
პალო – მოხელის სკამია, სტატუსი – სიგრძე თოკისა.
ივნისი 9th, 2010 at 22:07
(Y)