29 ივლ 2009

წაბლისთაფლისფერთვალავ

ავტორი: კობა ჭუმბურიძე | გამოქვეყნებულია კატეგორიაში: ლექსები

მიყვარხარ, თუმცა ეს უკვე იცი,
მაგ ეშმაკუნა თვალებმა გაგცეს,
შეფეთებისას იწყებენ ციმციმს,
მაბეჩავებენ ვერსაით გამქცევს.

მე კი, მას აქეთ, რაც ეს დამმართე,
ლექსად დამჩემდა ფიქრის გამართვა.
და აღარ მახსოვს სხვა მისამართი,
შენი სახლისკენ სავალის გარდა.

ერთხელაც მოვალ და გაგენდობი,
რომ აღარ ძალმიძს ყოფნა უშენოდ,
რომ გაბლანდულან სულში ბინდები
და შენი შუქით უნდა უშველო.

მოვალ და ერთად მოგიძღვნი იმას,
რაც სამყაროა ოცნებით მთვრალის…
გაჩუქებ ვერცხლის წვიმას
და ტბაზე ბილიკს მთვარის,
ცისკრის ვარსკვლავის ციაგს,
ციმციმს კამკამა ჩქერის,
ნავარდით დაღლილ ნიავს,
ათინათსა და ჩეროს
და, უპირველეს ყოვლის,
ვაშლის ყვავილის თოვლის
ქარქარა ნამქერ–ნამქერ
ბილიკებს გაგიკვალავ…
ჩემი ოცნების ქალავ,
წაბლისთაფლისფერთვალავ…

.

pixelstats trackingpixel

ტეგები: , ,

15 გამოხმაურება to “წაბლისთაფლისფერთვალავ”

  1. ნინია ამბობს:

    რატომ ჩადის ეს ლექსები სულამდე???
    მიხარია მათთან მიახლოვების შესაძლებლობა რომ მაქვს:)

  2. თამო ამბობს:

    ბრავოოოოოოო

  3. ქეთი ამბობს:

    აქამდე სულ მესმოდა ჩემო ცისფერთვალება, მწვანეთვალება. მიხარია რომ ვიღაცას გაახსენდა წაბლისფერი თვალებიც არსებობს. ამიერიდან დაჩაგრულად აღარ ვიგრძნობ თავს.

    ძალიან ლამაზი ლექსია…

  4. ივანე ამბობს:

    მარტო ერთი სიტყვა რად ღირს – წაბლისთაფლისფერთვალავ! არც წაბლისფერი, არც თაფლისფერი – წაბლისთაფლისფერი! ძალიან ლამაზი მიგნებაა შინაარსობრივადაც (მართლა სხვანაირი ფერისაა წაბლის თაფლი და მართლა ბევრს აქვს ამ ფერის თვალები) და პოეტურადაც!

  5. ნანო ამბობს:

    ძალიან მომეწონა,მართლა გულში ჩამწვდომია ეს სიტყვები……..

  6. ვატო ამბობს:

    მაგარია : [

  7. ნინო ამბობს:

    ვიჯექი და რაღაც მენატრებოდა … თურმე პოეზია და ზუსტსად ეს ლექსი მაკლდა. გულის იღრმეში ჩამწვდომი და ამაღელვებელი სიტყვებია: “მიყვარხარ, თუმცა ეს უკვე იცი,
    მაგ ეშმაკუნა თვალებმა გაგცეს”, “მაბეჩავებენ ვერსაით გამქცევს” და “მოვალ და ერთად მოგიძღვნი იმას,
    რაც სამყაროა ოცნებით მთვრალის…”

  8. მაკო ამბობს:

    ძალიან ლამაზი ლექსია

  9. ნინო ამბობს:

    როგორ გავბედავ, ჩემზე მივიღო, მაგრამ მომინდა თაფლისფერი და წაბლისფერი თვალები რომ მქონდეს:)))) ლამაზი ლექსია, ალერსიანი…

  10. matekari ამბობს:

    უნდა გაბედო ნინო, აბა ვისთვ ის ვწერ?

  11. ელდორადო ამბობს:

    შეშანიშნავი ლექსია,ზალიან მომეწონა,ლამაზი,სიტყვებია მასში ჩაქსოვილი.მასეთი თვალები ,რომელზეც ტქვენ ამბობთ იშვიათია.მომეწონა ზალიან.

  12. ბესო ამბობს:

    კარგი კაცი ხარ, ნიჭიერი ადამიანი, კარგია რო გაგიცანი, ღმერთმა დაგლოცოს, გაიხარე…

  13. ელდორადო ამბობს:

    მერამდენედ ვკიტხულობ აგარ ვიცი უნდა გადავიწერო ასე ჯობია.

  14. ნათია ამბობს:

    ნეტავ ამ ლექსის ადრესატს :)

  15. მარინა ღამბაშიძე ამბობს:

    გულო, ოცნებას მალავ…
    ცაო, ლურჯდება ზოლი!
    ვაჟი-დაიცა ქალავ!
    ქალი-დაგიბრმა თოლი!
    რა სიმააღლეებისკენ წასულა კობა …. რა ასოციაციები წამოიღო….
    უფ! რა კარგი იყო!….

დატოვე კომენტარი