როცა დედულეთის გიხმობს ბილიკები, კვალად ჩაუდგები ციმციმ გაჭრილ ნებას, როგორც შეგებებას, ისე ელოდები ქარდაკრული ცაცხვის შემოშრიალებას.
დაარწყულე სივრცეს დანატრული თვალი ხიბლით, იდუმალით, უცხო მიდამოთა, იქით ჩაბარუხის ჩახრიალა წყალი, აქეთ მაჟალოთი დახუნძლული ტოტი.
აუყვები ჯაგნარს ციცაბოზე ცოცვით, გიჭვრეტს ბორო–ბორო მაზაკვალის აღი, ნაქოქინარ სასას დაიამებ მოცვით, შეერევი კორომს ფრინველივით ლაღი,
ოქროს ჭვირთა ჩაღი ათინათებს გაქსოვს და უეცრად ხვდები – ნაწილი ხარ ამ ტყის, ალბათ ამიტომაც სამუდამოდ გახსოვს გადაფრთხიალება დაფეთებულ ბარტყის,
შინისაკენ აძვრის როცა დგება ჟამი, მწუხრის ბინდბუნდები სანამ დაიღვრება, კითხვით გედევნება სუყოველი ჩქამი – როდის დაბრუნდები?
დიდ, ნაცრისფერ ქალაქს, გაჯერებულს ხალხით, არც უგრძნია შენი გაუჩინარება, აქ რუზრუზი გღალავს, დამხუთავი ალხი და დღეების თალხი, მდორე მდინარება.
დაე სიჭაბუკე წლებით წაილეკოს, ყველა მოგონება განა გახუნდება, სმენა მიაგებე მინავლებულ ექოს: როდის დაბრუნდები…
ივლისი 6th, 2010 at 08:59
კარგია როდესაც ადამიანი თავის აზრს,სჰეხედულებებს თავის სიტყვით გადმოგვცემს.ლექსებით, ნოველებით,მოტხრობებით,რომანებით.მომწონს.
ივლისი 20th, 2010 at 22:52
კობა,ყველა ნაწერს ეტყობა რომ ავტორი ნამდვილად გრაძნობით წერს, არა მარტო ინტელექტით)))
ოქტომბერი 23rd, 2010 at 09:52
არაჩვეულებრივად გაქვთ გადმოცემელი მოგონება , მონატრება ,სურვილი ….
როდის დაბრუნდები… როდის დაბრუნდები…
მადლობთ