აშშ

აშშ - ქ. ნიუ იორკი

ბოჰემიან ჰოლში (Bohemian National Hall) გაიმართა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება. სტუმრებს ქართული კერძებისა და ღვინის დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ.

ნიუ იორკში მოღვაწე ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლმა შეასრულა საქართველოს ჰიმნი და რამდენიმე ქართული სიმღერა.

დანია

დანია

ქ. კოპენჰაგენში „DR Koncerthuset-ში“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა. მიღებაზე მოეწყო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლების პრეზენტაცია და აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის „ხორუმი“ კონცერტი. ტურიზმის სფეროში მოღვაწე ექვსი ქართული კომპანია წარმოდგენილი იქნება საინფორმაციო სტენდით.

გერმანია

გერმანია

ქ. ბერლინში გაიმართება ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო ვახშამი, რომელსაც დაესწრებიან გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის გერმანიის კანცლერის ადმინისტრაციისა და გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენლები, გერმანიის ბუნდესტაგის წევრები, ასევე გერმანიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და სამეცნიერო-კულტურული წრეების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა და სტუმრებს მიესალმება საქართველოს ელჩი ბატონი ლადო ჭანტურია. საზეიმო ვახშამს მუსიკალურად გააფორმებს თბილისიდან საგანგებოდ მოწვეული ანსამბლი „რუსთავი“.

ვატიკანი

ვატიკანი

დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, წმინდა საყდართან საქართველოს ელჩი თამარ გრძელიძე ვატიკანში ხვდება წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრს, მთავარეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალაჰერს, რომელსაც გადასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მისალოც წერილს.

ირლანდია

ირლანდია

დუბლინის ცენტრში და ქალაქის საბჭოს შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოიფინება.

ლიტვა

ლიტვა

ლიტვის მხატვართა კავშირის გალერეაში გაიხსნება ქართული ტიხრული მინანქრის მხატვარ-დიზაინერების გამოფენა „საქართველოს ფერები“. ია ხიზანიშვილისა და სოფი ეცადაშვილის ნამუშევრების გამოფენას გახსნიან ლიტვის კულტურის მინისტრის მოადგილე აუდრონის იმრასასი და საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე. მოწვეულ სტუმრებს შორის არიან ვილნიუსში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ლიტვის ოფიციალური პირები, ლიტველი მხატვრები და სხვა საპატიო სტუმრები. ღონისძიების დახურვისას გაიმართება ფურშეტი, სტუმრებს შეეძლებათ დააგემოვნონ ქართული ღვინო და ნუგბარი.