სომხეთი

სომხეთი

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ჰაკობ პარონიანის სახელობის მუსიკისა და კომედიის თეატრში გაიმართება კონცერტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლი „უნივერსიტეტის“ მონაწილეობით.

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანი

ქ. განჯაში საქართველოს გენერალური საკონსულო აწყობს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას, სასტუმრო RAMADA PLAZA-ში.

თურქეთი

თურქეთი

გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება, რომლის ფარგლებშიც ასევე გამოიფინება საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღმნიშვნელი ფოტომასალა.

ირანი

ირანი

საქართველოს საელჩო თეირანში გამართავს ოფიციალურ მიღებას საქართველოს ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, რომლის დროსაც დაგეგმილია ასევე საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სარეკლამო ვიდეორგოლის ჩვენებაც.

ირლანდია

ირლანდია

დუბლინის ცენტრში და ქალაქის საბჭოს შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოიფინება.

ლიტვა

ლიტვა

ქ. ვილნიუსის თბილისის სახელობის სკვერში გაიმართება ქართულ-ლიტვური პოეზიის ფესტივალი „პოეზიის გაზაფხული“. მოეწყობა ქართველი და ლიტველი პოეტების ნაწარმოებების კითხვა. მონაწილეობას მიიღებენ ლიტველი პოეტები და მსახიობები, ვილნიუსის უნივერსიტეტში მოქმედი ქართული ენისა და კულტურის კურსის სტუდენტები და ლიტვაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები. თბილისის სახელობის სკვერში მოსული სტუმრებისთვის ქართულ სიმღერებს შეასრულებენ საელჩოში მოქმედი საკვირაო სკოლის მოსწავლეები და ჯგუფი „საქართველო“. ამასთანავე გაიმართება ვლადას ბრაზიუნასის ფოტოგამოფენა. საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხიას“ ლიტვურ ენაზე თარგმნისა და ლიტვაში ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისათვის მთარგმნელ ვიოლეტა შობლინსკის გადასცემს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სახელით მადლობის წერილს. ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება „ქართული სადილი“. ლიტველი დიპლომატები დააგემოვნებენ ქართულ კერძებს.